სააკაშვილი: ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა

პუბლიკა

„ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა“ – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან კლინიკა „ვივამედიდან“ წერილი გამოაქვეყნა.

„როგორც მოსალოდნელი იყო რუსების ნამესტნიკები ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ აჩქარდნენ. უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მას. მედიაში ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ თამაშს აზრი არა აქვს, დასავლეთს ვეღარ ატყუებენ და პირიქით, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან. უკრაინა ერთ ამბავშია და ამათ გადაწყვიტეს, რომ პუტინს ასიამოვნონ პირდაპირ და ყოველგვარი დამალვის გარეშე.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს თვეები მიტინგებზე გამოდის, ვინც სასამართლოსთან მოდიოდა, ვინც საავადმყოფოსთან ათევს ღამეებს. ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა. ჩვენ ამ ომს ვიგებთ და აუცილებლად საქართველოსაც ეშველება, ” – წერს ის.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლოს სხდომა გაიმართება. დღეს მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. შესაძლებელია, მოსამართლემ დღესვე გამოაცხადოს საქმეზე გადაწყვეტილება.