სააკაშვილი: არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, არამედ – ჩვენ ყველამ

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს ეხმაურება. იგი ამბობს, რომ ჟურნალისტმა მას კითხვა არაკორექტულად დაუსვა, როდესაც ექსპრემიერს მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ ესაუბრებოდა.

„მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით, ეს მართლაც ასეა. ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომას ის არ უშვებს. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო მაგრები, უფრო უშეცდომოები, მაგრამ საინტერესო რა იყო ვანოს საუბარში, იცი? ეს ადამიანი 7 წელი იყო წამების პირობებში, რადგან სამარტოო საკანი არის წამება. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, რაც ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან, მაგრამ ის არ გატყდა, არ შეეპუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავის პოზიციიდან. ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას.

ის გაიყვანეს საკნიდან უთხრეს, რომ მოგცემთ ბევრ ფულს, წადი შენს შვილებთან ერთად უცხოეთში, იგრიალე, იგუგუნე და ერთადერთი ის დაწერე, რომ ჟვანია მოკლეს, და რა თქმა უნდა, ალბათ, სააკაშვილმა, რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები, და მან დასცინა, უარი უთხრა, შედეგად რამდენიმე წლით შეაბრუნეს ციხეში,  აჩვენა რამდენად მაღლა დგას, ვიდრე მთელი ეს ნაგვები.

ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების, ახლა დროა შერიგების, და გაერთიანების“. – თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის პასუხიმგებლობებზე 10 თებერვალს ისაუბრა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში:

„მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად. მე მაქვს ჩემი პირადი ემოციები.

თუმცა, მინდა ვთქვა, როდესაც ვანო ჩასვეს ციხეში სრულიად უდანაშაულოდ, რადგან რაც მას მიუსაჯეს სრულიად სასაცილო იყო, იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად ვანო რომ ჩასვეს, ასეთი „აიფონი“ არ არსებობდა, ვანო რომ ჩასვეს იყო „ნოკიები“, ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, მე ასე მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედებოდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს.“ – თქვა მაშინ სააკაშვილმა.

ამ თემაზე საუბრისას, დღეს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის და სააკაშვილი მეგობრები არიან და მოგვარდებიან.