სააკაშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დღეს ხან ერთი ელჩი წამოარტყამს თავში და ხან – მეორე

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყანა ვითარდებოდა.

„ეს ტრაგედია ვითარდება იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი იყო. დღეს ჩვენ კოვიდის სიკვდილიანობით ვართ პირველები. ჩვენ ვიყავით ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა ჩემი პრეზიდენტობის დროს.

ეს არ არის ტრაგედია? ამას როგორც უნდა ვუყუროთ ყველამ წყნარად, როგორც მოცემულობას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დღეს, ხანდახან ერთი ელჩი წამოარტყამს თავში და ხანდახან – მეორე, ეს იყო ქვეყანა, სადაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ამერიკის სამი პრეზიდენტი ჩამოვიდა და რამდენიმე ვიცე-პრემიერი.“ – განაცხადა სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რომლის დროსაც დააკავეს გიგი უგულავა და აქციის რამდენიმე მონაწილე.