სააკაშვილი და ივანიშვილი ჩაერთონ მოლაპარაკებაში ან განაცხადონ კრიზისის დაძლევის ხედვა - კუბილიუსი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ თუ პოლიტიკური მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში დარჩება, რაც იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ქვეყანაში დემოკრატია მომწიფებული არ არის. მისი თქმით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერია და შეიძლება დაიკარგოს ყველაფერი, თუ ვერ შეძლებს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას.

მისი თქმით, ამ კრიზისში ყველაზე დიდი პრობლემა ლიდერების კრიზისია. კუბილიუსის თქმით, არ არსებობენ ლიდერები, რომლებიც აიღებდნენ პასუხისმგებლობას საჭირო კომპრომისზე.

ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულას“ ეთერში, სოფო ზურაბიანთან ინტერვიუში ისაუბრა. ევროპარლამენტარის განცხადებებს სინქრონულად „ფორმულა“ თარგმნიდა.

„უკეთესი იქნებოდა ელჩი დანიელსონსთვის, ელაპარაკოს რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე არ მონაწილეობდნენ მოლაპარაკებაში“, – თქვა მან.

წამყვანი კუბილიუსს ჩაეკითხა, ვის გულისხმობდა, ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს?

„ზუსტად, ისინი რეალური ლიდერები არიან ორივე პოლიტიკური პარტიის. ფორმალური ლიდერებს, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებაში, არ ესმით პასუხისმგებლობა, ვერ პოულობენ კომპრომისს. გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ პოლიტიკური ლიდერები არიან, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთ იხედვები, რის მიღწევა სურთ, არიან თუ არა მზად კომპრომისისთვის და პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა კუბილიუსმა.

კუბილიუსის თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური გავლენა აქვთ თავიანთ დაფუძნებულ პარტიებზე. ის ამბობს, რომ მათ აქვთ უფლება, გააჩნდეთ გავლენა, მაგრამ ფიქრობს, რომ ან გახსნილად უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებაში, თუ არა და ნათლად უნდა განაცხადონ, რა ხედვები გააჩნიათ კრიზისის მოგვარებაში.

წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ ჰქონდა კრისტიან დანიელსონს კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან, კუბილიუსი ამბობს, რომ არ იცის, ვის ხვდებოდა კრისტიან დანიელსონი. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უნდა გაირკვეს ხედვა რეალური ლიდერების, რომლებიც სცენის უკან არიან.

ამავე ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსმა ნატალია საბანაძეზეც ისაუბრა.

„მე არ ვიცნობ ყველა დეტალს, ვფიქრობ, რომ იგი აიძულეს გადამდგარიყო. ეს ცოტა უცნაურია და ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან ბრიუსელში. პრემიერ-მინისტრის ძალისხმევის მიუხედავად, როდესაც იგი აცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ევროკავშირის ლიდერობამ და ხელმძღვანელობამ არ მიიღო მისი ახსნა, თუ რას აკეთებდა მთავრობა კრიზისის დროს. მან მიიღო გზავნილები სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან და ამიტომაც იყო ალბათ მიზეზი, პრემიერმა ან სხვამ გადაწყვიტა, რომ ეს არის ელჩის ბრალი. ეს არის არასწორი”, – განაცხადა კუბილიუსმა.