სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში - ჯანდაცვის ექსპერტები

პუბლიკა

ჯანდაცვის ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართეს. მოთხოვნის ტექსტს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„გვინდა ხელისუფლებას და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შევახსენოთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, მრავალპროფილურ რეფერალურ სტაციონარში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო სერვისების ყველაზე მაღალი დონე, როგორიცაა:

ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების IV დონე (თერაპიული, ქირურგიული, ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგია-ორთოპედიული, რეანიმატოლოგია-ანესთეზიოლოგიური სერვისები);

ბ) ინტენსიური მოვლის I, II და III დონე (მართვითი სუნთქვა, სასიცოცხლო ფუნქციების აპარატული მხარდაჭერა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია);

გ) ქირურგიული სერვისების III დონე (I, II, III, IV და V კატეგორიის ქირურგიული ჩარევები);

დ) ტრავმის/დაზიანების მართვის IV დონე (ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოსკოპია, რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია ან/და მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსი), ლაბორატორიული სამსახური, სისხლძარღვთა, თორაკალური და პლასტიკური და რეკონსტრუქციულ-ქირურგიული სერვისები);

ე) კარდიოლოგიური სერვისის III დონე (კარდიოქირურგიული ოპერაციები);

ვ) ნევროლოგიური სერვისის III დონე (სრულ ნევროლოგიურ სერვისთან ერთად ნეიროქირურგიული და რადიოლოგიური სერვისები).

ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს პენიტენციური დაწესებულებიდან მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანილია 585 პირი, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცედენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჯანმრთელობის დაცვის სექტორში გატარებული რეფორმების შედეგად არის აშენებული და/ან რეკონსტრუირებული დღეს მოქმედი კლინიკების უმეტესი ნაწილი. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პაციენტის ჯანმრთელობის რეალურ საფრთხეს, პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ანდრია ურუშაძე, ალექსანდრე კვიტაშვილი, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან ჯუღელი, ირაკლი გიორგობიანი, ვახტანგ სურგულაძე, სერგო ჩიხლაძე, გიორგი გოცაძე, მიხეილ დოლიძე, ვარლამ მოსიძე, გიორგი კავკასიძე, ლევან მეტრეველი, ეთერი ყიფიანი, ნინო მირზიკაშვილი, ქეთევან გოგუაძე, ივდითი ჩიქოვანი, მზია ტაბატაძე, დათო ოთიაშვილი, ირმა კირთაძე, თამარ ლობჟანიძე, ნათია ლანდია, მარიამ ლობჟანიძე, ვასილ ტყეშელაშვილი.