სააკაშვილი დღეს იყო სუსტად, მაგრამ მითხრა, რომ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე - ექიმი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სუსტად არის, მაგრამ მზად არის ხვალ, 15 ნოემბერს წარდგეს სასამართლოს წინაშე.

„მისი მდგომარეობა დღეს იყო სუსტად, მაგრამ მითხრა, რომ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაელაპარაკოს ქართველ ხალხს. სუსტად არის, მაგრამ გეტყვით, რომ მზად არის მაგისთვის. […] დღეს გუშინდელი დღისგან განსხვავებით, მე-5 სართულიდან შეძლო ლიფტით ჩამოსვლა ქვემოთ და შემხვდა პაემნების ოთახში. გუშინ ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა. გამოიყურება სუსტად, მზად არის ხვალინდელი შეხვედრისათვის სასამართლოში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისი თქმით, დაწესებულებაში შესვლილსას კორონავირუსის გავრცელებაზეც იკითხა.

„დაწესებულებაში პირველ რიგში ვიკითხე კოვიდზე და მითხრეს, რომ არავითარი კოვიდი იქ არ ყოფილა, ვიმეორებ იმას, რაც მითხრეს. მეტი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, მე-18 დაწესებულებაში დირექტორის ადგილზე არყოფნის მიზეზად ცხვირის ოპერაცია დაასახელეს და არა კორონავირუსი. სააკაშვილის პირადმა ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ხვალ კონსილიუმის უფრო ფართო ბაზაზე ჩამოყალიბება იგეგმება.

„რამდენადაც ვიცი, ხვალ იგეგმება კონსილიუმის ჩამოყალიბება უფრო ფართო ბაზაზე. ალბათ, ეს იქნება ორი კონსილიუმის შერწყმა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი ეს როგორ მოხერხდება ეს და როგორ მოხდება”. – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ N18 პენიტენციური დაწესებულებასთან.


15 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის“ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. 10 ნოემბერის სხდომაზე, სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, პენიტენციურმა სამსახურმა მას პროცესზე დასწრების ნება არ დართო.