სააკაშვილი დღეს ვერ გამოიკითხა, მხარე შესაბამის პირობებს მოითხოვს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სააკაშვილს გლდანის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდნენ.

დაგეგმილი იყო მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა მისი რუსთავიდან ეტაპირებისა და გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლების დროს განვითარებულ მოვლენებზე.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ციხეში შესვლის პროცედურები დროში გაიწელა. მისი თქმით, მოითხოვეს, გამოკითხვა ჩატარებულიყო სააკაშვილის პალატაში, მაგრამ ასე არ მოხდა და  ინსპექტორის წარმომადგენლებმა ოქმიც შეადგინეს ამის შესახებ.

გვარამიას თქმით, იმის გამო, რომ სააკაშვილთან გასაუბრება შედგა შეხვედრების ოთახში, სადაც პატიმარსა და მნახველს შორის ხმაგაუმტარი შუშის ბარიერია და კომუნიკაცია მხოლოდ ერთი ტელეფონითაა შესაძლებელი, პროცესი სრულყოფილი არ იყო და პროცედურის ნაწილი ხვალისთვის გადაიდო.

„კატეგორიულად მოვითხოვთ, ეს შეხვედრა მოხდეს ერთ სივრცეში ყველასთვის, ვინც შევდივართ, ადვოკატები, ინსპექტორებიც და მიხეილ სააკაშვილიც“, – განაცხადა მან.

გვარამიას განცხადებით, სანამ ადვოკატებს პალატაში არ შეუშვებენ, სამედიცინო და უსაფრთხოების პირობებზე ყველა ეჭვს აქვს არსებობის უფლება.

„მიხეილ სააკაშვილს წართმეული აქვს ეფექტიანად დაცვის უფლება. ჩვენ [ადვოკატებს] არ გვაქვს ამის შესაძლებლობა.

მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. ის ვერ გადაადგილდება მარტივად და ჩვენ არ გვიშვებენ მასთან პალატაში. უნდა ჩამოვიდეს 5 სართულს სააკაშვილი, შემოვიდეს ოთახში, სადაც არის ხმაგაუმტარი მინა. ჩემთან ერთად არის მეორე ადვოკატი და არის სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი. მე მელაპარაკება ტელეფონით, მერე ვეუბნები ინსპექტორის წარმომადგენელს და ადვოკატს, მერე ის მეუბნება კითხვას, რომელიც უნდა გადავცე სააკაშვილს და ა.შ.

ეს პროცედურა არ ჩატარებულა. ასე ფაქტების დადგენა არის შეუძლებელი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების კომუნიკაცია შეზღუდულია“, – განაცხადა გვარამიამ.

სააკაშვილის ადვოკატმა ასევე ისაუბრა სხვა პატიმრების გინებაზე სააკაშვილის მისამართით.

გვარამიას განცხადებით, გინება ისმის როგორც პალატაში, ასევე შეხვედრების ოთახშიც. ხმაური დაიწყო, ასევე, ადვოკატების ციხის ეზოში შესვლის დროსაც. გვარამია ეჭვს გამოთქვამს, რომ პატიმრები წინასწარ არიან გაფრთხილებულნი, ვინ და როდის შედის ციხეში სააკაშვილთან შესახვედრად.

მედიასთან განცხადება გააკეთა სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელმაც.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს შეზღუდვები. გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით. როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვა.

ვმუშაობთ გამოკითხვის ალტერნატიულ გზებზე, რის შესახებაც გეცნობებათ. გამოძიება მზად იყო, აღნიშნული ფორმითაც ჩაეტარებინა გამოკითხვა“, – განაცხადა მან.


სახელმწიფო ისპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინსპექტორის განცხადების მიხედვით, სააკაშვილთან დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზა.

ასევე, ინსპექტორმა უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს,  №12  დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით.

8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახალხო დამცველის წარმომადგენელი და თავად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია შეხვდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილმა მათ განუცხადა, რომ გლდანის ციხეში მიყვანის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და შეასახლეს N18 დაწესებულებაში.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული ტექნიკაც.