სააკაშვილი იუსტიციის განცხადებაზე: „კატეგორიულად მიუღებელია ევროსასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია“

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს, რითიც ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომ ევროსასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან სააკაშვილის საჩივარი ამორიცხა.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ განცხადებით იუსტიციის სამინისტრომ ქართული საზოგადოების თვალში კიდევ ერთხელ მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაცია.

„ჩემი შიმშილობის პერიოდში, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობდა კლინიკაში გადაყვანაზე, მივმართე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოვითხოვე საჩივრის შეტანამდე დროებითი ღონისძიებით მთავრობის დავალდებულება, განეხორციელებინა აუცილებელი და კანონით დადგენილი ქმედებები.

სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შესაბამისი დავალება მისცა საქართველოს მთავრობას, რის შედეგადაც გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

ამის შემდეგ, 2021 წლის 07 დეკემბერს, წერილობით შევატყობინე სტრასბურგის სასამართლოს, რომ, რადგან ეროვნულ დონეზე სამართლებრივი საშუალებები ჯერ არ არის ამოწურული, ამ ეტაპზე არ წარვადგენ სარჩელს, თუმცა სამომავლოდ დავიტოვებ ამ უფლებას და გამოვიყენებ.

სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა წარმოება მოცემულ საქმეზე, რაზეც მეტყველებს საქმის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად კონვენციის 37.1 მუხლის აღნიშვნა.

მინდა განვაცხადო, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას, რითიც ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ქართული საზოგადოების თვალში.

ზემოაღნიშნული ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, – წერს სააკაშვილი განცხადებაში.