სააკაშვილი: ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა, პრაქტიკულად, მომისაჯა ციხეში განადგურება

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის კვეთის საქმეზე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, ციხეში ფიზიკური განადგურება, ფიზიკური მოსპობა მიუსაჯეს. ამის შესახებ მან 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომლებიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა.

თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის. ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისათვის, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, სამი პიჯაკის და ერთი პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა არცერთი სხვა საშუალება საქართველოში ლეგალურად შემოსვლის არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ავუხსნი, მაგრამ მე მგონი ასეთი მსოფლიოში არავინ აღარ არის.

ჩემი ფილოსოფია ყოველთვის იყო ძლიერი საქართველო, ძლიერი მოქალაქე, განათლება, დაცულობა…

ეს, პრაქტიკულად, განადგურება ვითომ სასამართლოს წესით არის იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ჩემი მომხრეები დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ მასაც იგივე ბედი ელის, თუ უკრაინას არ ჩააბარებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


დღეს, 17 მარტს მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე – მას 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა შეკრებითობის პრინციპით სააკაშვილს საბოლოოდ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ისარგებლა სისხლის სამართლის კოდექსის ჩანაწერით, რომლის მიხედვით, „თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდახუთ წელს.

თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთაგან, ანდა ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოც წელს“.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს და მისი პატიმრობის ვადის ათვლა სწორედ ამ დღიდან იწყება.