ივანიშვილის გავლენები, სააკაშვილის გადაყვანა და სხვა საქმეები - ცვლილებები ევროპარლამენტის ანგარიშში

პუბლიკა

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის ვერსიას კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც დაესწრო.

ანგარიშს 55 დეპუტატიდან მხარი 47-მა დაუჭირა.

კრიტიკულ ანგარიშში სხვა ცვლილებებთან ერთად შევიდა შესწორება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

„ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ის ჯერ კიდევ მოკლებულია სათანადო ზრუნვას, რაც საფრთხეს აჩენს მის სიცოცხლესთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ შესწორებაში.

კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, მისცეს საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის უფლება და ასე გადადგას ნაბიჯი პოლარიზაციის შემცირებისკენ.

გარდა ამისა, შესწორებებში აღნიშნულია, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლების შესახებ და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამოსართმევად, არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების საქმის აშკარა დემონსტრირება“.

ანგარიშში მიღებულ კომპრომისულ ცვლილებებში ევროპარლამენტი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, რომ „სისტემურად, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოაგვაროს პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა, განსაკუთრებით კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გატარებით“.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ეს არის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ანგარიშში ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ „შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და გადახედოს ჟურნალისტების, მედიის მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს“. ანგარიშში დასახელებულია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე, ასევე ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დამფუძნებლების წინაარმდეგ წარმოებული საქმეები.