სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე დაფიქრდება, თუ ამაზე პირადი ექიმი დაელაპარაკება - ადვოკატი

პუბლიკა

გლდანის მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა.

ვიზიტის დასრულების შემდეგ მან მედიას განუცხადა, რომ ექსპრეზიდენტის კალიუმის მაჩვენებელი გუშინ კრიტიკულ ზღვარს დაბლა იყო. ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილი ყოველდღიურად უფრო სუსტად გამოიყურება, არ იღებს მედიკამენტებს.

მისი თქმით, ამან შეიძლება, სააკაშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მსგავს მდგომარეობამდე მიიყვანოს. ადვოკატის თქმით, ორივე შემთხვევაში ეს დაგვიანებული მკურნალობის ბრალი იქნება.

თუთბერიძე მოუწოდებს პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყოს ციხეში ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძის დაშვება, რადგან, ადვოკატის თქმით, ყიფშიძის ჩარევის გარეშე მკურნალობის გაგრძელება და სამედიცინო ზედამხედველობა შეუძლებელია.

შოთა თუთბერიძის თქმით, პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის მიმართ და ამბობს, რომ პენიტენციური საავადმყოფოს ექიმებმა არ იციან ახალი ტექნიკის გამოყენება.

„გაოცებული და გაკვირვებული იყო, როდესაც კონსილიუმის წევრებმა მოითხოვეს, გაესინჯათ. არ აღმოჩნდა იქ არავინ, ვისაც ეცოდინებოდა, როგორ ემუშავა ამ აპარატურასთან“, – განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილი მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა დააყენა პროფესიული და სამოქალაქო ეთიკა და დააფიქსირა გულწრფელი პოზიცია.

შეკითხვაზე, ვის გულისხმობენ, ადვოკატმა დაასახელა NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა, შიმშილობს.