„სააკაშვილი მზადაა, ჩააბაროს ნარკოტესტი, ღარიბაშვილსაც ვიწვევთ ამ ჩელენჯში“ - ადვოკატები

პუბლიკა

„საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, მზადაა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნებისმიერი სახის ნარკოტესტი ჩაიტაროს“, – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

როგორც პრემიერი დღეს გავრცელებულ ღია წერილში აღნიშნავს, „საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, [სააკაშვილს] თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა“. ასევე, ღარიბაშვილი წერს, რომ „ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია“.

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ისინი მზად არიან ნარკოტესტისთვის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

„მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლისთვის განწყობილი. მე მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას – არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს. ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების თანდასწრებით, ჟურნალისტების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ აი, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერი ნარკოტესტი. ნებისმიერ ნარკოტიკზე – დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამისთვის მზად ვართ“, – ამბობს

ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილი იწვევს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ნარკოტესტი თავადაც ჩააბაროს კანცელარიაში.

„ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება ჩელენჯი – მან კანცელარიაში, თუნდაც მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით, ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ აი, ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს, მოვისმენ“, – აცხადებას ბექა ბასილაია.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ ფეიჯზე განცხადებას აქვეყნებს და საუბრობს საკუთარ მოსაზრებებზე, თუ რატომ ჩამოვიდა ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.