საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
სააკაშვილი წერს, რომ „დამპყრობლის ნება აღსრულდა” და „ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული”.
„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა?
დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო.
მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის.
ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული.
ვერ დაგვაშინებენ!
ძალა ერთობაშია!“, – წერს სააკაშვილი.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებულები მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშია დამნაშავედ ცნეს.
სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის ბ პუნქტებში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სააკაშვილი საპატიმრო სასჯელს 2021 წლიდან იხდის. მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი. დღევანდელი განაჩენით მას საპატიმრო სასჯელი 3 წლით გაუხანგრძლივდა.
თემურ ჯანაშია დამნაშავედ იქნა ცნობილი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა 300 000-ლარიანი ჯარიმა.