სააკაშვილი: ოლიგარქი ვარ, ამიტომ სასწრაფოდ გამათავისუფლეთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში

პუბლიკა

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე, სააკაშვილის შეფასება გამოქვეყნდა.

„ის, რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა.  ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა. საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ თუ არ გვინდა, რომ ისტორიის მორევში გადავიჩეხოთ. 20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია.” – წერს სააკაშვილი.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას დეოლიგარქიზაციაზე.

გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციის ნაწილში ბიძინა ივანიშვილი არ იგულისხმება.

 მან ასევე განაცხადა, რომ ოლიგარქი სააკაშვილია და მისი დაკავება  დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

„გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო.

მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს.” – წერს სააკაშვილი.