სააკაშვილი ომბუდსმენს სთხოვს, ხელი შეუწყოს მასთან კონსილიუმის შესვლას

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარება ისევ გაუარესდა და სთხოვს სახალხო დამცველს, ხელი შეუწყოს მასთან სამედიცინო კონსილიუმის მისვლას.

„ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას.

უკვე რამდენიმე დღეა, ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან. ვთხოვ სახალხო დამცველს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე სახალხო დამცველმა გამოქვეყნა განცხადება და აღნიშნა, რომ სამედიცინო კონსილიუმი თავად გადაწყვეტს საჭიროა თუ არა პაციენტის მონახულება და ამ პროცესში ომბუდსმენი არ ერევა გარდა იმ შემთხვევისა, როცა საჭიროა მსჯავრდებულის მოსანახულებლად დოკუმენტების გაცემა.

„მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები ელოდებიან ჩემ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ჩემი მხრიდან შესრულებულია და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გადაეცემათ რწმუნებები.

ჯერ კიდევ წინა კვირას, კონსილიუმთან შეხვედრის დროს, მივაწოდე მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, არაორაზროვნად და ცალსახად განვმარტე, რომ ჩემი მხრიდან კონსილიუმს ექნებოდა ყველანაირი ხელშეწყობა.

აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება“, – დაწერა იოსელიანმა.