თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის მორიგი განხილვა მიმდინარეობს. საქმეზე ბრალდებულები არიან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია.
მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე მივიდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, შემდეგ კი სასამართლო დარბაზი დატოვა.
თავის გამოსვლაში სააკაშვილმა მიმართა საპარლამენტო ოპიზიციას, რომ საკმარისია „პარლამენტარობის თამაში“ და ერთადერთი საკითხი, რაზეც დეპუტატები უნდა საუბრობდნენ პარლამენტში, როდის დატოვებს „ოცნება“ ხელისუფლებას.
„გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ პარლამენტიდან, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ ცივილზებული კითხვა-პასუხი, აბა ამ კონკრეტულ საკითხზე რას ფიქრობთ… ერთ საკითხზე არის მხოლოდ სალაპარაკო – როდის გახვალთ ამ პარლამენტიდან, როდის მოშორდებით ხელისუფლებას. სხვა კითხვა-პასუხი დღესდღობით არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია იქნება აქტიური, საქართველოს ხელისუფლებას „ამ ფორმით მაქსიმუმ დარჩა 1.5 თვე“.
მისი თქმით, როგორც ვლადიმერ პუტინს ვერ აიძულებენ რამის გაკეთებას, ისე ვერ აიძულებენ „პუტინის გაგრძელებას“ ანუ საქართველოს ხელისუფლებას.
„მოდით, მივიდეთ და მოვთხოვოთ… ვის უნდა მოთხოვოთ? პუტინს? ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ჩვენი ვალია, როდესაც რუსეთი იქნება ჩამოშლილი, დავხვდეთ წელში გამართული, მომზადებული, იმისთვის, რომ ის მომენტი, რომელიც დავით აღმაშენებელს დაუდგა დიდგორის დროს, ჩვენ არ გავუშვათ“, განაცხადა სააკაშვილმა.