სააკაშვილი: პარლამენტში კანონებს ევროკავშირის დანიშნული ექსპერტის შეფასების შემდეგ უნდა ეყაროს კენჭი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც საქართველოში დაბრუნების მიზეზებზე, წარსულზე და სამომავლო ხედვებზე საუბრობს.

წერილში ის წერს, რომ საქართველოს პარლამენტში კანონებმა უნდა გაიაროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფილტრი, ევროკავშირის მიერ დანიშნულ ექსპერტებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ ეყაროს კენჭი.

ამავე წერილში ის წერს, რომ უზენაეს სასამართლოში კლანი მხოლოდ 5 წლით უნდა ჩაანაცვლონ მაღალკვალიფიციურმა ევროპელმა მოსამართლეებმა.

„ჩვენი გზა არის ევროპა და მხოლოდ ევროპა. მე როგორც ადამიანმა, რომელმაც პირველად ოფიციალურად დავამკვიდრე და ავწიე ევროკავშირის დროშა, რომლის დაწევას მეხუთე კოლონა ცდილობს და ორჯერ მოახერხეს კიდეც, ვამბობ, რომ საქართველოს თავისუფლად არჩეულ პარლამენტში, სადაც იქნება კოალიციური მმართველობა, ყველა კანონმა უნდა გაიაროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფილტრი. ევროკავშირის მიერ დანიშნულ ექსპერტებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ ეყაროს კენჭი.

უზენაეს სასამართლოში კლანი თუნდაც მხოლოდ 5 წლით უნდა ჩაანაცვლონ მაღალკვალიფიციურმა ევროპელმა მოსამართლეებმა, მაგალითად – ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ესტონეთიდან და მათვე უნდა შექმნან დისციპლინარული კოლეგია ქვემდგომი მოსამართლეებისთვის. უცხოელები დაამკვიდრებენ სასამართლოს ახალ მოსამართლეთა კორპუსისთვის. საქართველოში შემოსაღებია ჭეშმარიტი თვითმმართველობა, სადაც არცერთი თეთრი არ დაიხარჯება თითოეული მოქალაქის მიერ კონტროლის გარეშე.

პირველი ინსტანციის მოსამართლეები და ადგილობრივი პოლიციის უფროსები უნდა აირჩეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და მათ წინაშე უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულები. მაშინ ისინი საკუთარ ხალხზე ხელს ვეღარ აღმართავენ. ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართველთა შორის და არჩევნების ადმინისტრირება უნდა მოხდეს ევროკავშირის მიერ.

აუცილებელია შირაქის აეროპორტი და საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომ მივაღწიოთ ამერიკულ და ნატო-ს ძალების რამდენიმე ათასიანი კონტინგენტის განთავსებას საქართველოში. საქართველოს დაცვის სურვილი დასავლეთს გაუჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ, რომ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის.

დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოდან, აღარავის მოუნდება წასვლა, ვინაიდან განუზომლად გაიზრდება მოქალაქეთა შემოსავალი, მოხდება ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება და შეიქმნება ჩვენი შვილების, ახალი თაობების კომფორტულად და უზრუნველად გაზრდის გარემო.

მე ჩამოვედი საქართველოში იმიტომ, რომ ის გადამერჩინა და მე მჯერა, ჩემი ქვეყნის ძალიან წარმატებული მომავლის, მაგრამ ეს მომავალი მიიღწევა მხოლოდ ბრძოლით და მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.