სააკაშვილი: რეჟიმი იზოლირებულია - ერთადერთი, რაზეც დგას დიქტატურა, არის ინერტულობა და შიში

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლეები ნინო ელიეშვილი, მაია ქოქიაშვილი და ლაშა კლდიაშვილი განიხილავენ.

სხდომას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილიც. ის 3 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ სასამართლო პროცესზე დღეს პირველად მივიდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მის მმართველობასა და არსებული სიტუაციიდან გამოსავალზე.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს „მაფიოზური სტრუქტურა“ მართავს, რომლის დასამარცხებლადაც ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაა.

გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას სასამართლოზე:

„ჯერ ერთი, მინდა მოგესალმოთ დიდი ხნის უნახავ, ჩემს მონატრებულ თანამებრძოლებს, მეგობრებს. ვხედავ ასევე ჩემთვის უცხო ადამიანებსაც და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომენატრეთ. სამ წელიწად-ნახევარია არ ვყოფილვარ ამ  სასამართლოზე და ამჯერად გადავწყვიტე მოსვლა იმიტომ, რომ შეგხვედროდით თქვენ და გვესაუბრა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე…

დღეს არის ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიის. დიქტატურამ ჩამოაფარა ფარდა ჩვენ და თავისუფალ სამყაროს შორის. ყვარყვარეს ციხე გადაჭედილია, საზოგადოებაში დასადგურებულია უიმედობა, სასოწარკვეთილება, მაგრამ მე მოვედი, რომ გითხრათ: იმედი არის და თავისუფლება და ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა.

რეჟიმი იზოლირებულია არა მხოლოდ ცივილიზებული სამყაროსგან (მათ შორის ჩვენი მეზობლებისგან), არამედ ოკუპანტი რუსეთისგანაც კი, რომელსაც ის ყველანაირად ბაძავს და ცდილობს, რომ ასიამოვნოს.

ერთადერთი, რაზეც დგას დიქტატურა, არის ინერტულობა და შიში. რუზველტს რომ დავესესხოთ, მხოლოდ ერთი რამის შიში უნდა გვქონდეს, ეს არის – შიში. ვინაიდან ერთ მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და სრული დაუნდობლობა, აქეთა მხრიდან უნდა ვაჩვენოთ გაუტეხლობა და გამბედაობა, რომლის მაგალითიც უკვე გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა.

მეც შევეცადე გამბედაობის მაგალითი მომეცა,  – ზღვა გადავცურე, მომწამლეს, მიწაზე მათრიეს; ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან და ახლაც ყოველდღიურად ვრისკავ ჩემს სიცოცხლეს.

უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად ეს არის მაფიოზური სტრუქტურა. რა არის მაფიოზის, ბოსის მთავარი ამოცანა? – ყველა ამყოფოს შიშში, მოსახლეობა ამყოფოს შიშში და განსაკუთრებით თავისივე კლანის წევრები მუდმივად ამყოფოს შიშში. არაფერი ახალი არ ხდება საქართველოში, ეს არის კლასიკური, მაფიოზური სისტემა…

თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, რაც ნიშნავს შიშის დაძლევას და ამავე დროს შეულამაზებელი სიმართლის თქმას. სიმართლე იმაშია, რომ ვარდების რევოლუციის რეფორმებს ძალიან ბევრმა ვერ აუწყო ფეხი. ჩვენ დავეტაკეთ დამპყრობლის მიერ დატოვებულ „ქართულ ჯიგრულ პონტს“ და სინამდვილეში მონურ ფსიქოლოგიას. ფსიქოლოგიას კორუფციისა და კრიმინალის, ნეპოტიზმის სუბკულტურას და ამ დაჯახების დროს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შედეგები იყო მათ შორის ჩვენთვის.

ჩვენ რეალურად მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია, რომელსაც დაუპირისპირდა ეს ყაჩაღური კლანი. შემოვიღეთ პრინციპი კანონის წინაშე თანასწორობის და ძალიან ბევრს არ მოეწონა. მაშინ, მაგალითად, ლევან ბერძენიშვილმა მისაყვედურა, რომ სააკაშვილს საქართველოში დანიის გაკეთება უნდაო და  ეს არანაირად არ გამოვაო. თუ ეს არ გვინდა, თუ არ გვინდა, რომ ცივილიზებული და თანამედროვე ქვეყანა ვიყოთ, მაშინ განწირულნი ვართ სიღარიბისთვის, უბედურებისთვის და მუდმივი გაუსაძლისი არსებობისთვის და ერთი ფეოდალიდან მეორის ხელში გადავალთ, ერთი ბანდიტიდან მეორის ხელში გადავალთ.

სწორედ ჩემი რეფორმებისთვის მოუმზადებლობამ გამოიწვია მრავალწლიანი ბიპოლარული აშლილობა, რომელიც გამოიხატა ლოზუნგებში – „არც ნაცი, არც ქოცი“, რაც ნიშნავს ქოცს. „ან მიშა ან ბიძინა“ ნიშნავს – ბიძინას და შემდგომ მონობას.

გვთავაზობენ „ქართულ ჯიგრულ პონტში“ ცხოვრების გაგრძელებას, არც ქიცი, არც ქიცმაცური. ეს ყველაფერი არის დიდი უბედურების წყარო. მე რომ თანამდებობას არ ვეკიდები, ეს იქიდან ჩანს, რომ 2012 წელს ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და 2007 წელს, როდესაც რუსმა კრიმინალმა ოლიგარქმა პატარკაციშვილმა მოაწყო თბილისში აქციები, მაშინ გადავდექი პრეზიდენტობიდან და ჩემი ბედი გადავაბარე ქართველ ხალხს და ამომრჩეველს.

ყველამ უნდა დაუსვას კითხვა თავის თავს:

  • იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო მდიდარი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
  • გავიდოდა თუ არა ქვეყნიდან 700 000 ადამიანი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
  • იქნებოდა თუ არა საქართველო განუზომლად უფრო მაგარი ქვეყანა საცხოვრებლად, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო და მოვატანინებდი თუ არა უკან თითოეულ მოპარულ თეთრს, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
  • იქნებოდა თუ არა საქართველო აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ყველაზე ახლო მეგობრებს შორის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
  • დაუბრუნდებოდა თუ არა ხალხს ყველა მოპარული თეთრი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
  • იქნებოდა თუ არა საქართველოში თითქმის 800 000 სოციალურად დაუცველი, როგორც ახლა, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?
  • ექნებოდა თუ არა საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაცია, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო?

აქ საუბარია ჩემი კურსის გაგრძელებაზე და არა ჩემი მმართველობისა და თანამდებობაზე ყოფნის გაგრძელებაზე. ამ კითხვებზე პასუხი არის ჭეშმარიტება და დანარჩენი ყველაფერი არის პროპაგანდისტული ნისლი და რუსულ-ქოცური ნარატივის განმეორება, ამ ბიპოლარული აშლილობის გამოვლინება.

არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს ჩემს კურსს იმიტომ, რომ თავის ცხოვრებაში იმ 9 წელზე უკეთესი არაფერი უნახავს და ასევე არსებობს მიშას თაობა, რომელიც აღარ ჭამს რუსულ-ქოცურ პროპაგანდისტულ კლიშეებს. არსებობს მდუმარე უმრავლესობაც, რომელიც ორივე მხრიდან დააკომპლექსეს ჩემი სახელის ხსენებაზე, მაგრამ ძალიან სწრაფად თავისუფლდება ამ კომპლექსებისგან.

მე ბევრი ვისაუბრე წარსულზე, მაგრამ მე არ გეპატიჟებით წარსულში. მე თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის და უკვე ვხედავ მომავალს, რომელშიც მე არცერთი თანამდებობა არ მინდა, მაგრამ მინდა, დაფასდეს შრომა, უამრავი გამოცდილი პატრიოტი ადამიანის და მასთან ერთად განსაკუთრებული როლი უნდა მივაკუთვნოთ ახალგაზრდობას, რომლის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზადაა და ღირსია ქვეყნის მმართველობაში მოსვლის. მიხარია, რომ აქაც, ამ დარბაზში, ვხედავ ახალგაზრდების, მეტწილად უცნობ სახეებს და მე ვიცი, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს.

მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში. მე საბრძოლო ფორმაში ვარ, ძალიან დიდ მხარდაჭერას და ენერგიას ვგრძნობ და მზად ვარ, ხელახლა მივიღო მონაწილეობა საქართველოს უმძიმესი კრიზიდან გამოთრევაში.

ამიტომ, დღეს საუბარი იმაზე, უნდა ვიყოთ თუ არა ერთიანები, საერთოდ ზედმეტია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და ვისაც ჯერ კიდევ უხარია, რომ, აი, ჩემმა პარტიამ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ცოტათი მეტი პროცენტი მიიღო, იმას საერთოდ ვერაფერი ვერ გაუგია და არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს.

ვინც დღემდე მსჯელობს, რომ საერთო სტრატეგიაზე უნდა შევთანხმდეთ, რა დროს პარტიების გაერთიანებაა, ის საერთოდ ვერ გრძნობს საზოგადოების პატივისცემას. ახლა ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება…

რაც შეეხება უკრაინას – მე ბოლოჯერ ამ დარბაზში ვიყავი მაშინ, როცა რუსული ჯარები იდგა კიევთან. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ – ვინაიდან ვერ შეძლო რუსეთმა კიევის დაპყრობა, ვინაიდან ვერ შეძლეს მათ ვერც ერთ სტრატეგიულ ქალაქში შესვლა, ვერც ერთი დიდი ქალაქის აღება და უკრაინის უმეტესი ნაწილის აღება, რუსეთი არის უკვე დამარცხებული.

ახლა არის ბოლო ბორძიკი ამ ქვეყნის. კი, დენი ჩაბნელებულია მთელ უკრაინაში, მაგრამ საქართველოსაც ჰქონდა ჩაბნელებული. უკრაინელები ძალიან გამძლე ხალხია და იმიტომ, რომ სითბო და დენი არ აქვთ,  ვერავინ ვერ დაამარცხებს. მაგრამ რუსეთი, რომელიც ამ ზამთრის შედეგად ვერ მიიღებს უკრაინის დაჩოქებას, არის უკვე დამარცხებული. იმიტომ, რომ ოთხ წელიწადში, ეს ომი უფრო მეტიხანს გრძელდება, ვიდრე საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ომი, საბჭოთა კავშირმა აიღო ბერლინი და თითქმის მთელი ევროპა. ამათ ვერ აიღეს ვერაფერი, დონბასიც კი ვერ აიღეს ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ ესენი არიან დამარცხებულები. რადგან არიან დამარცხებული, ჩვენ ყველანი ვიქნებით გამარჯვებული.

ამიტომ იმარჯვებს ქართული საზოგადოება, იმარჯვებს ჩვენი მებრძოლი სულისკვეთება, იმარჯვებს ჩვენი ენერგია და იმარჯვებს უკრაინა!

სლავა უკრაინი! დიდება საქართველოს!

ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით“, – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დარბაზი დატოვა.


მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.