სააკაშვილი: საჭიროა ბოლომდე მიწოლა, ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში, ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობას ეხმაურება. მისი თქმით, „ხუთეული გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე“

„ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა. ეს არის ოლიგარქიული კლასიკა. ფაქტია,  არცერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს. ახლა მთავარია მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება დიდი საფრთხის წინაშე – ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე. მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ.

საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა.

მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს – საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად, საქართველოს გამარჯვება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

17 მაისს კენჭისყრის შემდეგ 90-ზე მეტი ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის დეპუტატებმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ, ასევე დილარ ხაბულიანმა და „ევროპელი სოციალისტების“ ოთხმა წევრმა.

დეპუტატებმა – ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და ბაჩუკი ქარდავამ, რომელთაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევას, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ტოვებენ.