საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან დააანონსა, რომ Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი რამდენიმე წუთში გამოქვეყნდება, წერილში კი ყურადღება გამახვილებულია ვადამდელი არჩევნების მნიშვნელობასა და სააკაშვილის როლზე.
„რაც შეეხება სხვა საკითხებს, იგი ძალიან წუხს იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივი იქნა შემოგდებული და რაღაც თვალსაზრისით გაზიარებული (თუმცა არა პოლიტიკური პარტიების მხრიდან), რომ თითქოს სააკაშვილის შიმშლობამ აქცენტი გადაიტანა ვადამდელი არჩევნებიდან. […] მას ეს ყველაფერ გააკეთა იმისთვის, რომ ვადამდელი არჩვნები და ივანიშვილის რეჟიმი შეიცვალოს კოალიციური მთავრობით. იგი ვერ ხედავს საკუთარ თავს და არ ხედავს, უფრო სწორად, საკუთარ თავს ნებისმიერ კონფიგურაციაში მომავალი ხელისუფლების, იგი იბრძვის იმისთვის, რომ ივანიშვილი აღარ იყოს ამ ხელისუფლების სათავეში, ეს არის მისთვის საკმარისი ამოცანა, რადგან თვლის, რომ ეს არის ფიზიკური გადარჩენა მისთის და ისტორიული გადარჩენა მისი ქვეყნისთვის, ამ მიმართაში სწორედ ასე წერია“, – განაცხადა გვარამიამ.
ნიგა გვარამიას თქმით, სააკაშვილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ბოლომდე ხელები გაეხსნას პოლიტიკურ სპექტრს და სპეკულაციების ადგილიც არ იყოს იმისთვის, რომ „ვითომ სააკაშვილი უშლის ხელს ვადამდელ არჩევნებს ან ოპოზიციის სხვა გეგმებს.
„იგი მოუწოდებს, რომ მასთან დაკავშირებით იყოს ალტერნატიული ჯგუფი, რომელიც ამ კონკრეტულ თემაზე იმუშავებს, რომ ბოლომდე ხელი გაეხსნას პოლიტიკურ პარტიებს, ისინიც უფრო ეფექტურები იყვნენ და კონცენტრირებულები ამ საკითხზე და არაჯანსაღ სპეკულაციებსაც ბოლო მოეღოს“, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას სააკაშვილმა თავისი შვილის, ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუც შეაფასა, რომელიც „რადიო თავისუფლებასთან“ ჩაწერა.
„სადაც მისი ვაჟი ამბობს, რომ ვიღაცებს სურთ მისი სიკვდილი და ეს ურჩვნიათ შეიძლება… თვითონ მიშამ მთხოვა, რომ განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი სრულწლოვანი ადამიანია, მას თავისი აღქმები აქვს, თავისი პოზიციები აქვს და იგი გამოხატავს მამასთან შეთნხმების გარეშე ცხადია ამ ყველაფერს. თვითონ [მიხეილ სააკაშვილი] არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომელბიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაცა ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის, ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია შვილს ის არ ემიჯნება, პირიქით, ის ამბობს, რომ მიხარია, რომ ინტერვიუ მისცა, მიხარია, რომ თავისი აზრები გადმოსცა, თუმცა ეს ის ნაწილია, რასაც მე ასე არ ვხედავო“, – განაცხადა გვარამიამ.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში „ემპათიის“ მიერ ჩამოყალიბებული საექიმო საექსპერტო საბჭოს შესვლას მოითხოვს. გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის „მენტალური აღდგენის პროცესი საჭიროებს ძალიან კვალიფიციურ და დროულ ჩარევას“.
„მოითხოვს აუცილებლად და დაუყივნებლივ ცენტრი „ემპათიის“ მიერ გაკეთებული საექიმო საექსპერტო საბჭოს შესვლას. ჩემი თვალთახედვით კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მე არ შემიძლია დიაგნოზის დასმა, თუმცა როგორც კი ეს პირველადი სისუსტეები, რაც ძალიან ეტყობოდა, ალაგდა, ძალიან წინა პლანზე წამოვიდა და ნათელი გახდა უკვე მისი სტრესული მდგომაროების ამსახველი, ნერვული მდგომარეობა. ყველაზე უფრო მძიმე, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის. მას ეს ეტყობა მეტყველებაზეც, კომუნიკაციაზეც, სიარულზეც და ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა, ეს საკმოად მნიშვნელოვანი გარემოებაა, ჩემი აზრით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.