სააკაშვილი სასამართლოში არ გადაჰყავთ - ბასილაია

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხიდან სასამართლოში არ გადაჰყავთ. მისივე ინფორმაციით, პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილების მიზეზზე დუმს.

„პირველ საათზე არის სასამართლოში პროცესი. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურს არ გადაჰყავს. გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოსული მოთხოვნა. ტელევიზიიდან კი გაიგო, მაგრამ პენიტენციური ვალდებულია, რომ პატიმარს ამის შესახებ აცნობოს.

სასამართლო პროცესის ჩატარებას და პროცესზე სააკაშვილის გადაყვანას არათუ არ აპირებენ, საერთოდ არც კი მსჯელობს პენიტენციური, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მონაწილეობას სააკაშვილი პროცესში. მიუხედავად დიდი ტკივილისა და სისუსტისა, ჰქონდა სურვილი, მოიკრებდა ძალებს და გადავიდოდა სასამართლოში.

პროცესზე დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს სააკაშვილის სხდომებზე გამოცხადება. ის, რომ პენიტენციური ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პარტიზანულად შეკეტილი ჰყავს და არ გადაჰყავს სასამართლოში, უნდა აღმოფხვრას სასამართლომ, თუ უნდა ოდნავ მაინც სახე შეინარჩუნოს.

ამავდროულად, უნდა მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების გაუქმება და დღესვე უნდა მიეცეს სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების საშუალება“, – აცხადებს ბექა ბასილაია.

ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო შიმშილობით გამოწვეული შინაგანი ორგანოების ტკივილები.


დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზეა ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.