სააკაშვილი თვითდაზიანებას ცდილობდა. თვითდაზიანება არაა პატიმრის გათავისუფლების საფუძველი - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ სცადა, რომ „თვითდაზიანებით საკუთარი თავისუფლება უზრუნველეყო”, რაც პატიმრის გათავისუფლების საფუძველი არ ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაშიც მიაჩნია, რომ ასე იქნება, – ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„სახელმწიფოს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ჰყავს თავისი უწყებები და ეს უწყებები იღებენ პროცესების და პროცედურების შესაბამისად საკუთარ გადაწყვეტილებებს – ეს ერთი.

და მეორე – ის არაერთხელ ცდილობდა, თვითდაზიანებით საკუთარი თავისუფლება უზრუნველეყო. თვითდაზიანება კრიმინალებში არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა და  ის არ ხდება ხოლმე პატიმრის გათავისუფლების საფუძველი. ამ შემთხვევაშიც არა მგონია, რომ სხვანაირად იყოს.

მარტივად არის აქ საქმე, ყველაფერს აკვირდება შესაბამისი უწყება და უწყება მოქმედებს შესაბამისად, მათ შორის პატიმრის უფლებების დასაცავად და პატიმრის უფლებები არის დაცული, სათანადო პირობებშია სააკაშვილი მთელი ამდენი თვე. რამდენი პატიმარი იცით, რომ ნაცვლად საპატიმრო დაწესებულებისა იმყოფება საავადმყოფოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი 20 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას აანონსებს. მისი თქმით, სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა სჭირდება. როგორც ნიკოლოზ სააკაშვილი აღნიშნავს, დარწმუნდნენ, რომ საქართველოში ამის უნარი არ გააჩნიათ.