სააკაშვილი: ვინც პატრიარქის წერილი ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქს მადლობას უხდის სანდრა რულოვსისა და ნიკოლოზ სააკაშვილის მიღების გამო და ეხმაურება მისდამი გაგზავნილ წერილსაც. სააკაშვილი წერს, რომ წერილში საუბარი არ იყო ციხეზე და ვინც ის პატიმრობასთან დააკავშირა, მათ სიტყვა „სულიერი“ გამორჩათ.

„დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს.

მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“. ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.

რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია – თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება. ყველას გილოცავთ შობას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.


კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილს მისთვის აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობა წერილით გადაუხადა, რომელშიც „ჭეშმარიტი სხვა რეალობის შეცნობა“ უსურვა.

„გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.