სააკაშვილი წერილს აქვეყნებს: მე მინდა მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს

პუბლიკა

„შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც ჟურნალისტებს ადვოკატმა გააცნო.

„გუშინ, სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად „გაიფარჩაკა“ ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს. თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს მძევლად და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდონ. რაც შემეხება მე, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

2022 წლის 14 დეკემბერს პენიტენციური სამსახურმა გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ვიდეომასალა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია რამდენიმე თარიღი, ბოლო კადრი 12 დეკემბრითაა დათარიღებული.

დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის კადრების გავრცელების საკითხის შესწავლა დაიწყო. უწყებების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სააკაშვილის ადვოკატიც გეგმავს.

ხაჭაპურიძის განცხადებით, კადრების გასაჯაროების გამო პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. მისი თქმით, ორივე უწყებამ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაარღვია.