სააკაშვილი ზურაბიშვილს: მოხსენით გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გამოიყენოს უფლებამოსილება და მოხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს.

განცხადება მან ე.წ პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესზე გააკეთა, რომელსაც ის დისტანციურად, კლინიკა „ვივა მედიდან” ჩაერთო.

სააკაშვილმა თქვა, რომ დღევანდელი პროცესი არის „საქართველოს ისტორიაში და  მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და აბსურდული პროცესის გაგრძელება”.

„ქალბატონ სალომეს მინდა ვუთხრა, ის ხშირად ამბობს ჩემ გათავისუფლებაზე, რომ ეს მორალური საკითხია, მორალური საკითხი ის არ არის, რომ მოისხნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც ყოველდღე აკეთებს დღევანდელი მთავრობა.

თქვენ [სალომე ზურაბიშვილს] გაქვთ უფლებამოსილება – მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს, ავტომატურად, გიორგი მღებრიშვილის ჩვენების შემდეგ უნდა გამოსულიყო გამამართლებელი განაჩენი, თუ გამოაქვეყნებთ დღევანდელ ხარჯებს, ზუსტად ასეთი რამ მოხდება”. – მიმართა სააკაშვილმა ზურაბიშვილს.

მან ასევე თქვა, რომ წინა პროცესზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სპეციალური დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა „დაადასტურა, რომ ყველა ხარჯი კანონიერად იქნა გაწეული”.

„მე მომეწონა მისი ჩვენება წინა პროცესზე. მოქმედმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ყველა ხარჯი გაწეული იყო კანონიერად. მათ შორის, რაზეც მასამართლებთ ჰილარი კლინტონისთვის ნაყიდი რედ ბული, რომელიც მაშინ 3 ლარი 10 თეთრი ღირდა, ახლა 6 ლარზე მეტი ღირს, ეს აჩვენებს დინამიკას ფასების ზრდის, ჩვენ ყველაფერი გვქონდა მუქთად”. – თქვა სააკაშვილმა.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).

სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ იმისთვის, რომ დაემალა საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, საიდუმლო ფორმით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული სდსს-თვის გამოყო თანხა.

ბრალდების მტკიცებით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.

ხარჯი სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით ჩამოიწერა და დოკუმენტებს უკანონოდ  მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“.

პროკურატურის მიხედვით, არამიზნობრივ ხარჯს შორის იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის, ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილი ფული, პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის, სერქიო ქალდერონ ლატასას ანაზღაურება და მისთვის გაწეული სხვა ხარჯი.

ასევე, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ ვიზიტებისას სხვადასხვა დროს დაქირავებული ავიალაინერის, ლიმუზინისა და მინივენის, ვერტმფრენის ხარჯი, მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასათვის ავსტრიაში დაქირავებული „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანებში დახარჯული თანხა, მაჯის საათებში გადახდილი ფული.

ასევე, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქიშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილი თანხა, რის გამოც ამ საქმეს, ე.წ. პიჯაკების საქმეც შეერქვა.