სააკაშვილის ადვოკატები და ექიმი მის მონახულებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ

პუბლიკა

გლდანის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, მის ადვოკატებსა და პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, ამ ეტაპზე (00:45) არ უშვებენ. ისინი ვერც განმარტებას იღებენ, რატომ არ აძლევენ სააკაშვილის ნახვის უფლებას.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას მისვლას გლდანის ციხესთან დაძაბულობა მოჰყვა. მას შს სამინისტროს წარმომადგენელმა, თემურ კუპატაძემ მოსთხოვა, ციხის შესასვლელისა და გზის სავალი ნაწილის ბლოკირება არ მოეხდინა.

ამ მოთხოვნის შესრულებაზე გვარამიამ უარი განაცხადა და დაინტერესდა, რატომ ვერ შედიოდა ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.

კუპატაძესთან რამდენიმეწუთიანი შელაპარაკების შემდეგ გვარამიამ ციხის შესასვლელის ტერიტორია თავად დატოვა, თუმცა მიმდებარედ რჩება.

ადვოკატები და ექიმი მიხეილ სააკაშვილის მონახულების მოთხოვნით ციხეში შესვლას რამდენიმე საათია, ელოდებიან.


მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში, ჯერჯერობით, მხოლოდ სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენელმა მოინახულა.

შეხვედრიდან გამოსულმა ნინო ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროს მიმართა, რომ არ შეფერხდეს ადვოკატების სააკაშვილთან შესვლა.