სააკაშვილის ადვოკატები ჰოსპიტალიზაციის საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვენ

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართეს და რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ეწინააღმდეგებიან.

სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შეიცავს უსაფრთხოების რისკებს. გვარამია აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია, რომ იგეგმება იმიტირებული ბუნტი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.

რაც შეეხება ჯანდაცვის საკითხს, გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო არ არის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც შეძლებენ სააკაშვილის მდგომარეობის სრულფასოვან მართვას. როგორც ის ამბობს, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ეწინააღმდეგება ასევე კონსილიუმის დასკვნას, სადაც გვარამიასვე ცნობით, აღნიშნულია, რომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს C კატეგორიის კლინიკაში, ხოლო ციხის კლინიკა ამ კატეგორიაში არ შედის.

მათი მოთხოვნებია:

„1 – მოვითხოვთ, მიმდინარე საათებში დაუყოვნებლივ გადაწყდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფოში გადაყვანა.

2 – საკითხი გადაწყდეს არა მხოლოდ პირადი ექიმის, არამედ ადვოკატების მონაწილეობით, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხი, ეს არის სააკაშვილის უფლებადაცვითი საკითხი.

3 – ვთხოვთ სახალხო დამცველს, მონიტორინგი გაუწიოს სააკაშვილის მდგომარეობას, ასევე ციხის საავადმყოფოს შესაბამისობას იმ კრიტერიუმებთან, რომელიც კონსილიუმმა დასკვნის სახით გუშინ წარმოადგინა.

4 – მივმართავთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, განმარტოს საავადმყოფოს შესაბამისობა კონსილიუმის დასკვნასთან შედარებით და მოგვახსენოს, არის თუ არა C კატეგორიის კლინიკა ციხის საავადმყოფო”, – განაცხადა გვარამიამ.


მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის 24-ე დღეა შიმშილობს.