სააკაშვილის ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანამდე ბექა ბასილაიამ მოითხოვა, 10-წუთიანი შესვენება გამოცხადებულიყო და სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატები დიმიტრი საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია დაშვებულიყვნენ.

მოსამართლემ ბასილაიას ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, უკვე დაწყებულ პროცესზე ადვოკატების შესვლა უწყვეტობის პრინციპთან არაა შესაბამისობაში.

ამის შემდეგ ბასილაიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ყოფნის გარეშე ისედაც ვერ ხედავდა სხდომაზე ყოფნის აზრს, რადგან, მისივე თქმით, რიგი საკითხები სააკაშვილთან უნდა შეჯერდეს და იმედი ჰქონდა, რომ სხვა ადვოკატებს მესამე პრეზიდენტთან კომუნიკაციის ხარჯზე უკვე ეცოდინებოდათ სააკაშვილის პოზიცია, ან საქმეზე რამე ახალი გარემოება, თუმცა მოსამართლემ ისინი სხდომაზე არ დაუშვა.

„მე ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების, დაგემშვიდობებით. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ სააკაშვილის დაცვაზე ვამბობთ უარს, ვიდრე არ გაირკვევა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საკითხი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარიმართოს მისი იურიდიული მხარდაჭერა, მე აზრს ვერ ვხედავ“,- განაცხადა ბასილაიამ.

სასამართლო პროცესის განმავლობაში სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვდნენ, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მესამე პრეზიდენტის პროცესზე დასწრება, ასევე სხდომა ყოფილიყო ღია და ყველა მედიას შესძლებოდა გაშუქება.

„გთხოვთ, უზრუნველყოთ სასამართლოს სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა. თუ სასამართლო ყველაფერს არ გააკეთებს ამისთვის და მე ამას პრევენციით კი არ ვამბობ ან რაღაც დამუნათებით, ვაკეთებ ობიექტურ შეფასებას, თუ სასამართლო ამას არ უზრუნველყოფს, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი. ეს პროცესი არის მხოლოდ და მხოლოდ, რომ 2-თვიანი ვადა გადის, ვადა არის გადასასინჯი და ვადას ვერ გაექცევა სასამართლო, მეტი არაფერი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბასილაია სხდომაზე აცხადებდა, რომ პროცესის გაგრძელებამ მორალური უფლება დაკარგა და მოსამართლეთა კოლეგიის – ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილის და ლია ორკოდაშვილის – აცილებაც მოითხოვა, თუმცა ეს შუამდგომლობაც არ დაუკმაყოფილდა.

„სასამართლოს როგორ შეიძლება იმაზე უარესი დაემართოს, ვიდრე არის ბრალდებულის გარეშე პროცესის ჩატარება, რომელსაც სასამართლოზე გამოცხადების სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც და რომელზეც ვარაუდი არსებობს, რომ მალე სურვილი ექნება, მაგრამ შესაძლებლობა აღარ. ამაზე მეტად ღირსება რამ უნდა შეგილახოთ? ღირსებას ბრალდებულის ცარიელი სკამი გილახავთ. ამ შემადგენლობით სასამართლოს მე ვფიქრობ არ აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება განაგრძოს ამ საქმის განხილვა. ამ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს ეს შემადგენლობა მზადაა რატი ბრეგაძის და ბრალდების ყველა პოზიციას ხელი მოაწეროს“

საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოხდეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად.

პროკურორის განმარტებით, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით გაიმართოს დაკავების ადგილზე.

მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა სასამართლოს დარბაზი დატოვეს, პროკურორმა განაცხადა, რომ რაკი სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შესაძლებელია რომ გაუქმდეს.

მოსამართლე ნინო ელეიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო ვერ ხედავს აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების აუცილებლობას.

სააკაშვილის მომდევნო პროცესი 29 ნოემბერს დაინიშნა.


დღეს, 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზე მიმდინარეობდა.

აღნიშნულ საქმეზე, სააკაშვილის გარდა, ბრალდებულია გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.

დღევანდელი სასამართლო სხდომის დაწყებამდე პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირება არ იგეგმება, რადგან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან იგეგმებოდა გარკვეული დესტრუქციული ხასიათის ქმედებები, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს.

მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.