სააკაშვილის აქციებისკენ მოწოდებას, მხოლოდ „სირცხვილია“, ელისაშვილი და ფერაძე გამოეხმაურნენ - სუბარი

პუბლიკა

„დღეს სააკაშვილის მოთხოვნას – დაიწყოს მასობრივი აქციები, მხოლოდ ორგანიზაცია „სირცხვილია“ და რამდენიმე აქტივისტი – ცირა ელისაშვილი, ნატა ფერაძე და ორიოდე მათი თანამებრძოლი გამოეხმაურნენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც და აქტივისტებიც ჰიბრიდულ ომში არიან ჩაბმული საქართველოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ ჰიბრიდულ ომში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეძლონ საქართველოს ჩათრევა რეალურ ომში, იმ ომში, რომელიც მოძმე უკრაინაში მიმდინარეობს დღეს.

„…როგორც ყოველთვის, მსგავს დესტრუქციულ განცხადებებს ტონს ამჯერადაც პატიმარი სააკაშვილი აძლევს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სასამართლოზე მორიგი მოწოდებები გააკეთა: „ჩვენ თუ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია; როდესაც ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, საუბარია ამის მიღწევაზე მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით; ჩვეულებრივ საპარლამენტო რუტინაში დარჩენა დღეს ოლიგარქის თამაშია და მეტი არაფერი”.

გასაოცარი ისაა, რომ ამჯერად ამ მოწოდებებს გამოეხმაურნენ არა მიხეილ სააკაშვილის პარტია და მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალები, არამედ, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და სწორედ მათ დააანონსეს პერმანენტული აქციები და დაიწყეს კიდეც მოქმედება. გასაგებია რატომაც მოხდა ასე – ოპოზიციამ ვერ შეძლო მათი ბელადის ვერცერთი ბრძანებისა თუ მოთხოვნის  შესრულება…

საკუთარი პარტიისგან ამდენი იმედგაცრუების შემდეგ სააკაშვილი რამდენიმე აქტივისტის და რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციის იმედად დარჩა და დღეს მის მოთხოვნას – დაიწყოს მასობრივი აქციები, მხოლოდ ორგანიზაცია „სირცხვილია“ და რამდენიმე აქტივისტი – ცირა ელისაშვილი, ნატა ფერაძე და ორიოდე მათი თანამებრძოლი გამოეხმაურნენ. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად გამარგინალდა დღეს „ნაციონალური მოძრაობაც“, მათი ბელადიც და მათთან აფილირებული რადიკალური ოპოზიციაც.

არის ასეთი გამოთქმა ფრანგ როიალისტებზე – ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყესო. 200 წლის წინ არის ეს გამოთქმა და დღესაც წყევლასავით ზედგამოჭრილია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მარიონეტი NGO-სექტორისთვის”, – განაცხადა სუბარმა.