ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრის მიმდებარედ დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს.
ჩალაძემ ცოტა ხნის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან სპეციალური ბრიფინგი გამართა.
ის სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას თხოვს შეისწავლოს ეს ფაქტი, რომელიც დასტურდება დღეს მის მიერ გადაღებული კადრებით. ჩალაძე ასევე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს მოახდინოს მყისიერი რეაგირება.
მისივე თქმით, საფრთხის ქვეშ არიან ჰოსპიტალში დასაქმებული ადამიანებიც.
„ჩვენი ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის რუსულად, ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე, ე.წ. “სისტემა კუპოლი”, ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება მინიმუმ 100 მეტის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. დღევანდელი ჩვენი კადრებით, რასაც თქვენ ნახავთ, ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული გამოსხივება.
ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ეს იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობას და ეს იწვევს სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეუძლია მოკლას ყველა, ვინც კონკრეტულად ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება”, – განაცხადა ჩალაძემ.