სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში იქნება მკვლელობის ტოლფასი - პირადი ექიმი

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-14 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა დამძიმდა საჭირო იქნება მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა.

„ამ დროისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ასე თუ ისე. გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა. ასე, რომ პრობლემები არ გვაქვს ჯერ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთში. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გადასაყვანია მრავაპროფილურ საავადმყოფოში“, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

როგორც მან აღნიშნა, დღეს სააკაშვილთან ექიმებით დაკომპლექტებული კონსილიუმი იყო შესული და ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს მათ.

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იქნება მისი გადაყვანა საავადმყოფოში. სააკაშვილს, ჩვენ, მე პირადად მაქვს ის პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში ეს არის მკვლელობა, მკვლელობის ტოლფასი. ჩვენ ვლაპარაკობთ მრავალპროფილურ, მაღალი კლასის საავადმყოფოზე. ჩემი აზრით ეს ციხის ჰოსპიტალი არ არის“, – აღნიშნა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს თბილისში დააკავა, თუმცა ამ დრომდე არ მართავენ სასამართლო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სამი საქმის წარმოება მიმდინარეობს. სააკაშვილი 23-ე დღეა, პროტესტის ნიშნად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.