სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მე-18 დაწესებულებაში ვერ აზღვევს მისი ჯანმრთელობისა და ხელშეუხებლობის რისკებს - NGO-ები

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების – სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან და არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ვითარების ესკალაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებით საფრთხეებს აჩენს.

ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას:

ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ მიღებულ დასკვნაში მითითებული სტანდარტების შესაბამისად დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გადაყვანა და მისი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე პირადი უსაფრთხოების სრულყოფილი დაცვა.

გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის და დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასთან;

ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ ოპოზიციურ ძალებს: დარჩნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში და თავი აარიდონ ვითარების ესკალაციას.