სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - პენიტენციური

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია თითქოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ამის გამო მასთან შევიდნენ ექიმები, სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.

პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

ასევე, პენიტენციურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.


მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის N12 დაწესებულებაში იხდის 6-წლიან სასჯელს, პროტესტის ნიშნად 38-ე დღეა შიმშილობს. ის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს დააკავეს და პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა.

პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც მათი განცხადებით, ჩანდა, თუ როგორ ჭამს სააკაშვილი. თუმცა თავად საქართველოს მესამე პრეზიდნეტის თქმით, ის ექმების მეთვალყურეობის ქვეშ და მათი რჩევით საკვებ დანამტებს იღებდა, რაც სასიცოცხლო მაჩვენებლების შესანარჩუნებლად იყო საჭირო. დღეიდან კი მის მიღებაზეც უარს ამბობს.