სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ინფორმაცია უსაფუძვლოა - პენიტენციური

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არის უსაფუძვლო და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

უწყება განმარტავს, რომ ააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეცილისტის კონსულტაცია (ფსიქიატრი, დერმატოლოგი, უროლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი). დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში.

მათი მტკიცებით, მსჯავრდებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდირებულ ფიზიკურ აქტივობაზე.

ასევე, სააკაშვილს ეძლევა სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლება, რაზეც ის უარს აცხადებს.

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამსახური არ გასცემს მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციას. განვმარტავთ, იგი არაერთხელ იყო გამოთხოვილი, როგორც მისი უფლებადამცველების, ასევე, რამდენიმე ორგანიზაციის მიერ, რასაც მათ მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნაც ადასტურებს. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 29 მარტს, მ. სააკაშვილის უფლებადამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გაიცა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია. ასევე, მზადების პროცესშია გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც გაიგზავნება კანონით განსაზღვრულ ვადაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ბრალდება, მ. სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, ასევე მედიასაშუალებების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მომავალშიც იქნება, მისი მოწამვლის მცდელობა, შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახური გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას ბრალდებული მსჯავრდებული, მ. სააკაშვილის უსაფრთხოებისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის მიზნით“, – აცხადებს პენიტენციური.