საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეტაპირება განხორციელდა ისე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იკვეთება სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა არც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2021 წლის 30 დეკემბერს, პატიმრის N12 დაწესებულებაში დაბრუნების შემდგომ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება.
აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე გაესაუბრნენ დაწესებულების ექიმსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ეტაპირების პროცესში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, თუმცა მისმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ მის მიმართ 30 დეკემბერს არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო კონსილიუმი და შესრულდეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამავდროულად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს მკურნალობის ტაქტიკის მონიტორინგს. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ნაწილის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჯგუფის სრულად შეკრება ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ჯგუფი ეცდება, რომ უახლოეს პერიოდში სრულყოფილად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო სტატუსი და მისთვის დანიშნული მკურნალობის ადეკვატურობა“,- ნათქვამია განცხადებაში.