სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად მოიწვიონ აშშ-დან სამედიცინო ექსპერტები - კორძაიას შეთავაზება ხელისუფლებას

პუბლიკა

„ვთავაზობ საქართველოს ხელისუფლებას, მოიწვიოს აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან მის მიერ შერჩეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტები“, – ამ ინიციატივით ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია გამოდის.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს ქილიკი და საუბარი იმაზე, რომ თუ სააკაშვილი შეჭამს, კარგად გახდება.

კორძაიას განმარტებით, თუ ხელისუფლება არ ენდობა არც ომბუდსმენის და არც „ემპათიის“ ექიმებს, მაშინ ჩამოიყვანონ სასამართლო სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც უპასუხებენ, არის თუ არა სააკაშვილი წამებასთან გათანაბრებულ გარემოში და შესაძლებელია თუ არა, ამ გარემომ ზიანი მიაყენოს მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

„ამ კლინიკას აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტთან და მასთან არსებულ კლინიკასთან, ამიტომ ეს არ არის უნივერსიტეტი, რომელსაც რაიმე ფორმით უნდობლობას გამოუცხადებს ხელისუფლება“, – ამბობს კორძაია.

კორძაია ხელისუფლებას იულია ტიმოშენკოს მაგალითს ახსენებს, როცა უკრაინის ხელისუფლება იძულებული გახდა, ჩამოეყვანათ გერმანელი ექსპერტები. კორძაიას თქმით, ტიმოშენკომ სასამართლო მოუგო უკრაინას იმის გამო, როგორც ექცეოდნენ მას საპატიმროში.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეც.

„მოგიწოდებთ, დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები ციხეში, მეორე, მაღალი რეპუტაციის მქონე კლინიკებიდან, საერთაშორისო ექიმები უნდა შევიდნენ და შეისწავლონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეპუტატების ინიციატივების საპასუხოდ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, როცა საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გადაწყვეტილებას იღებენ ექიმები და ექიმები გადაწყვეტენ, საჭიროა თუ არა სხვადასხვა პროფილის ექიმის ჩართვა სააკაშვილის მკურნალობაში.