ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ორგანიზაცია „კანონის და უზენაესობის ცენტრის“ დამფუძნებელი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მიხელ სააკაშვილის კადრები არ ემსახურებოდა საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას და ის მიზანმიმართული იყო ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვისკენ.
„ფორმულასთან“ ინტერვიუში მან განმარტა, რა შემთხვევაშია გაუმართლებელი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად ასეთი კადრების გავრცელება.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამას პენიტენციური და სამინისტრო აკეთებს და სამწუხაროა, რომ სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო ასეთი პრაქტიკის დამკვიდრებას სისტემაში. მუდმივად ვხედავთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამართლების საფუძვლით ისეთი კადრების გავრცელებას, რომელიც რეალურად ემსახურება არა საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას, არამედ ემსახურება ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას. ყველაფერი იყო, გარდა საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებისა.
ხშირად გვესმის, რომ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ასე შემდეგ. პირველი, მაღალი საჯარო ინტერესიც უნდა იყოს ლეგიტიმური. შეიძლება საზოგადოებამ რაღაც არალეგიტიმურიც მოგვთხოვოს და რას ვშვრებით მაგ დროს? ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ჩვენ, რომელსაც გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ამ ინტერესს საზოგადოებას დავუკმაყოფილებთ? ეს სწორი არ არის.
მეორე, აუცილებლად უნდა არსებობდეს თანაფარდობა ამ ინტერესს და მისი დაკმაყოფილებს გზებს, საშუალებას, ფორმას შორის. არ შეიძლება ეს ინტერესი დავაკმაყოფილო ადამიანის უფლების დარღვევის ხარჯზე, მით უფრო, ისეთი უფლების დარღვევის ხარჯზე, რომელიც არის აბსოლუტური უფლება და ადამიანის პატივი და ღირსება ნამდვილად არის საქართველოს კონსტიტუციით უზენაესი უფლება.
რაც შეეხება პატიმრის ნებართვა რომ ყოფილიყო, აქ უწყებამ თავად უნდა შეაფასოს, ნებართვის მიუხედავად, გამართლებული არის თუ არა ამ ფორმით ამ კადრების გასაჯაროება“, – განაცხადა თოლორაიამ
ლონდა თოლორაიას შეფასებით, კადრებმა ვერ გასცა პასუხი საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს, უვლიან თუ არა სათანადოდ სააკაშვილს, უტარდება თუ არა მას შესაბამისი მკურნალობა. მისივე თქმით, კადრებმა ვერც ის აჩვენა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი.
„გარდა იმისა, რომ ლოგიკურად არ ებმის ერთმანეთს საზოგადოების მოთხოვნა და გავრცელებული კადრების შინაარსი, რა თქმა უნდა, პრობლემაა საქართველოს კანონმდებლობასთანაც. ვისაუბრეთ პერსონალური მონაცემების დარღვევაზე, რომ ეს არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.
თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ეს საკითხი არ დარჩეს მხოლოდ ამ ჭრილში. მე ღრმად მწამს, რომ ეს გასაჯაროების ფაქტები შეფასებული იქნება, მათ შორის, იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სადაც იძიებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, მათ შორის, ამ გასაჯაროებას, რომელმაც პატივსა და ღირსებაზე გაიარა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
„ფორმულასთან“ ინტერვიუში მან ასევე განმარტა, რა პასუხისმგებლობა ეკისრება კლინიკას.
მისი თქმით, როცა პატიმარი კლინიკაშია, პენიტენციურ დაწესებულების გარდა პასუხისმგებელი ხდება კლინიკაც, რადგან პაციენტი მათი მეთვალყურეობის ქვეშაა და კლინიკაში მუშავდება მისი ინფორმაცია, მათ შორის, პალატის ვიდეოჩანაწერების სახითაც.
„ამ ვიდეოჩანაწერებზე წვდომა ცხადია აქვს სამედიცინო დაწესებულებასაც და ექიმებსა და პაციენტს შორის კონფიდენციალობის დაცვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რა თქმა უნდა, მათაც ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მან.
ლონდა თოლორაიას თქმით, თუნდაც პატიმრის უკანონო ქცევა არ ნიშნავს იმას, რომ მის ქცევას ასევე უკანონობით უნდა უპასუხონ.
„ის, რომ პატიმრის ქცევა შეიძლება არ იყოს სწორი ან კანონთან თანხვედრაში, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პატიმრის თუნდაც უკანონო ქცევას შენ უკანონობით უპასუხო. მაშინ პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, იუსტიციის სამინისტრო, რომლის მთავარი ფუნქციაა საქართველოს ევროსტანდარტებთან დაახლოება, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის როგორც შიდა, ასევე ევროკანონმდებლობასთან და დარწმუნებული ვარ, მათ ეს კარგად იციან. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა სამართლებრივ პროცესებზე იქონია გავლენა“, – აღნიშნა მან.
2022 წლის 11 იანვარს საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება სააკაშვილის კადრებსი გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სასამსახურის სამართლადამრღვევებად ცნობის შესახებ.
დღევანდელ ინტერვიუში ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ არ მოელოდა, რომ მოსამართლე განსახილველ ყველა ეპიზოდზე მოსამართლე სამინისტროს პოზიციას გაიზიარებდა.
„დავინახეთ, ამან წაახალისა, ეს ყველაფერი გრძელდება“, – თქვა მან.
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა „ვივამედში“ სააკაშვილის პალატიდან, რომელშიც, მათი თქმით, ასახუალია, როგორ ეურჩება ექსპრეზიდენტი ექიმებს და უარს აცხადებს მკურნალობაზე.
უხმო ვიდეომასალა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე – 12 დეკემბერი.