სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია და სასწრაფოდ საჭიროებს გადაყვანას - „ემპათია“

პუბლიკა

ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. ჯიშკარიანის განცხადებით, ის დღესვე საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას. ამის შესახებ მან სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა. არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ ინფორმაციას, რომ მართული იყოს ეს მდგომარეობა, რომელიც არის ძალიან მძიმე, კრიტიკულად მძიმე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აუცილებელია გადაყვანა“, – თქვა ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, ენდოკრინოლოგსა და ფსიქიატრს არ მიეცათ საშუალება, რომ მიხეილ სააკაშვილი შეემოწმებინათ.

„გარდა ამისა, იმის რეგულირებას, თუ ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, სამედიცინო შემოწმებას ვგულისხმობ აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ გარკვეული ფორმიანი ადამიანები. რაც  დაუშვებელია კლინიკის ტერიტოირაზე. ჩვენს ენდოკრინოლოგს არ მიეცა საშუალება შეემოწმებინა, ჩვენს ფსიქიტრს არ მიეცა საშუალება შეემოწმებინა, მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ“, – თქვა მან.