სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია - პენიტენციური

პუბლიკა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა სტაბილურია და ცოტა ხანში ექიმი-რეანიმატოლოგი გააკეთებს მედიისთვის განცხადებას.

სახალხო დამცველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცოტა ხანში მისი წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა.

„პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც“, – აცხადებს ომბუდსმენი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ბექა ბასილაია, რომელმაც ახლახანს დატოვა გლდანის მე-18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულება, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრის დროს გონება დაკარგა.

„საკაცე გახდა საჭირო, გადავიყვანეთ საკაცეზე და არ ვიცი, ამ წუთას რა მდგომარეობაშია, ველოდებით, რა განცხადებას გააკეთებს პენიტენციური.

მიშა გამოდიოდა ადვოკატების შეხვედრიდან და რომ გამოდიოდა, ოთახში მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში ჩამოიტანეს საკაცე. ერთი სიტყვა არ გამიგია მისგან, თვალებს უხსნიდნენ თანამშრომლები. 10 წუთი მოვიცადეთ, ვიდრე გამოვიდოდით, იქნებ რამე გაგვეგო.

მანამდე ვესაუბრებთ, იყო ძალიან მძიმედ და ცუდად და რომ გამოვდიოდით, მოსხლეტით წაიქცა. 10 წუთია, რაც აიყვანეს, შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები. არ ვიცი, სამედიცინო კუთხით რა უნდა ვთქვა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.