სააკაშვილის მდგომარეობაზე სასამართლოს მივმართეთ, ფორმალიზმის გამო დაგვახარვეზეს – გვარამია

პუბლიკა

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასამართლოს განცხადებით მიმართეს, თუმცა სასამართლომ ის ფორმალური არგუმენტით დაახარვეზა და არ განუხილავს.

„დღეს ორმა ინსტიტუციამ გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ… მეორე კი ეს არის სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების ღონისძიების გამოცემის [განცხადება] და რა გგონიათ, რა ქნა სასამართლომ? – ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან.

სულ რომ მართლა ხარვეზი ყოფილიყო ამ განცხადებაში, სამი სიტყვა რომ წერებულიყო ერთ გვერდზე  – „სააკაშვილი კვდება, გთხოვთ, გასცეთ განკარგულება, გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში”, – მხოლოდ ეს რომ წერებულიყო, სასამართლოს ეს უნდა გაეკეთებინა. მან კი მისდია ფორმალიზმს, მშრალ განსჯას და გამოაბრუნა განცხადება ხარვეზით, როცა ყოველი საათი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

ერთიც და მეორეც – საპატრიარქოც და სასამართლოც იქცევა იდენტურად და ამას ჰქვია ანტიჰუმანურობა“, – ამბობს გვარამია.

„პუბლიკა“  დეტალების გასარკვევად სააკაშვილის სხვა ადვოკატებს და საქალაქო სასამართლოს დაუკავშირდა. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.


გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს და მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა შიმშილობს. სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო ელენე ხოშტარიამ.