სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება | NGO-ები

პუბლიკა

4 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება.

ორგანიზაციების განცხადებით, სააკაშვილის ბრალეულობის დადგენა მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას სამართლიანი სასამართლოს უფლება მიეცემა.

NGO-ები წერენ, რომ სასამართლოში კლანის არსებობის და ნულოვანი ნდობის პირობებში სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ეჭვქვეშ დგება.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს, გამოიყენონ საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება.

განცხადებას ხელს აწერენ ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი და ადამიანის უფლებების ცენტრ.

განცხადებას გაეცანით სრულად:

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ფაქტს. მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ოთხი საქმე, რომელთაგან ორზე იგი მსჯავრდებულია, ხოლო ორზე – ბრალდებული. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით კი, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას, მართლმსაჯულების სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდა. ძალიან ხშირად, მმართველი პოლიტიკური ძალა სრულად უგულვებელყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას და რეკომენდაციებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკების თაობაზე. არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და ე.წ. რეფორმის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება კვლავ პოლიტიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერიდება პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე.

აღნიშნულის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადება, რომლითაც იგი ღიად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის, განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით და კავშირი არ აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დაუშვებელი და მიუღებელია იმისგან დამოუკიდებლად, პირი დამნაშავეა თუ არა. მეტიც, სწორედ ამგვარი მართლმსაჯულების განხორციელება, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს პირის ბრალეულობის საკითხი. ასეთი პროცესი სრულად ფორმალური ხასიათისაა, მიკერძოებულია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საბაზისო მოთხოვნებს.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანაშაულობა-უდანაშაულობის დადგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამასთანავე, იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მმართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე როგორც, აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში, ეჭვქვეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება. თავის მხრივ, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და სამართლებრივი მექანიზმებით, ახალისებს მსგავსს პრაქტიკას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება“, – წერია განცხადებაში.