სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა - ლუკ კოფი

პუბლიკა

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი გუშინ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ტვიტერზე წერს.

„ვერ ვიტან ჩემი საყვარელი საქართველოს საშინაო საქმეებზე კომენტარის გაკეთებას. სააკაშვილს სამარცხვინოდ ეპყრობიან. სანამ ის დაკავებულია, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს მისი კეთილდღეობა. ის იმსახურებს უფლებას დაიცვას თავი ნებისმიერი ბრალდებისგან სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლოში“, – წერს ის.


გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროდან გადაიყვანეს. ოფიციალური წყაროები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ამბობდნენ, სად გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ წერილში ნათქვამი იყო, რომ როგორც არ უნდა დამძიმებულიყო მისი მდგომარეობა, უარს აცხადებდა გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე.

მიხეილს სააკაშვილთან გლდანის ციხის კლინიკაში იმყოფებოდა ომბუდსმენის წარმომადგენელი და თავად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. მათი განცხადებით, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს გლდანის ციხის კლინიკაში. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოენახულებინათ.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა მთავრობის კანცელარიასთან. მოქალაქეები შეიკრიბნენ გლდანის ციხესთანაც. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც წერს, რომ გლდანის კლინიკაში ის მოტყუებით გადაიყვანეს. „მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.