სააკაშვილის მკურნალობაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უნდა ჩაერთვნენ - ომბუდსმენის სპეციალისტთა ჯგუფი

პუბლიკა

სახალხო დამცველი მის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნას ავრცელებს, რომელიც 23 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ მომზადდა.

ომბუდსმენი წერს, რომ სააკაშვილთან მესამე ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა დისტანციური შეხვედრა გამართა და პაციენტის მდგომარეობა შეაფასა.

ომბუდსმენის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კვლავ უჩივის საერთო სისუსტეს, წონასწორობის დარღვევას. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, თუმცა გამოიყო საყურადღებო პრობლემები. ხოლო მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციის გამო საჭიროა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართვა.

„ძირითადი საყურადღებო პრობლემები:

1. ყურადღებას იპყრობს ფოსფატის დონის შეფარდებითი ვარდნა სისხლში: 3მმოლ/ლ-დან (რამდენიმე დღის წინ) – 1,08 მმოლ/ლ-ამდე, რაც შეესაბამება პროგნოზირებულ რეფიდინგის სინდრომს და ითხოვს ფოსფორის, ასევე სხვა ელექტროლიტების ხშირ მონიტორინგსა და საჭიროებისამებრ შევსებას.

2. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამ ეტაპზე არ პროგრესირებს. გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის, კვების დაწყებისა და თიამინის ინტენსიური შევსების შემდეგ, კრუნჩხვით აქტივობას ადგილი აღარ ჰქონია და პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დასტაბილურდა.

ჩატარებული თავის კტ კვლევა დასკვნის მიხედვით რაიმე აბნორმალურს არ მიუთითებს. რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, თიამინით ადეკვატური შევსების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ამ ტესტის სურათზე უკუვითარდება და რადგანაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, კვლევის გადაუდებელ რეჟიმში გაკეთება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

ვერნიკეს ენცეფალოპათიის პროგნოზის მხრივ, მზერის პარეზი მოსალოდნელია რომ მალევე აღდგეს, ვესტიბულური დისფუნქცია 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა, დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს.

სინდრომის მკურნალობა ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, მდგომარეობის ადეკვატურია.

3. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციას, მისაღები შედეგისათვის მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იქნას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრის, რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით.

4. ვიტამინების დეფიციტისათვის გაგრძელდეს მულტივიტამინები.

5. ფიზიკური რეაბილიტაცია“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის დასკვნაში.