სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დაგვაახლოებს - უმაღლეს რადას ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიმართავს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილი უმაღლეს რადას მიმართავენ. ოპოზიციური პარტიების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინია სტრატეგიული პარტნიორები არიან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია უკრაინის სახელმწიფოს მიერ აღიარებით იწყება. ასევე ახსენებენ, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსი და უკრაინა საქართველს ბევრჯერ დახმარებია.

სწორედ ამიტომ, როგორც განცხადების ავტორები წერენ, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს მმართველი გუნდის განცხადებები უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობაა და მუწოდებენ უკრაინას, გაითვალისწინონ, რომ ის მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის ჩვენი საერთო ბრძოლის ნაწილად და უკრაინელმა ხალხმაც ნახა ქართველი ხალხის თანადგომა უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდა სახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას.
ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ მათი ვიწრო პოლიტიკური და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით და არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მიმართვაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილმა საქართველოში არაერთი რეფორმა გაატარა და ანალოგიური რეფორმები ხელს შეუწყობს უკრაინის განვითარების დაჩქარებას.

„გამოვთქვამთ რწმენას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიზნით მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დააახლოებს მეგობარ სახელმწიფოს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ხალხების საერთო მცდელობას თავისუფლებისა და შემდგომი განვითარების გზაზე“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გრიგოლ ვაშაძე

ნატო ჩხეიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი

„ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძე

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე

„გამარჯვებული საქართველო“ – გურამ ჩალაგაშვილი

„კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანი

„ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია

„ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე

„ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია

„საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველო ლიდერთა შორის“ – მამუკა გამყრელიძე

„ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე

„საქართველოს პარლამენტართა ასოციაცია“ – მანანა ჯებაშვილი

„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი

გუბაზ სანიკიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მიადგილე, ისტორიკოსი