სააკაშვილის მონახულება იგეგმება, გაიგებთ მალე, ვინ მოინახულებს - სუბარი

პუბლიკა

„მისი მონახულება იგეგმება. გაიგებთ მალე, ვინ მოინახულებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კომენტირებისას.

სააგენტო IPN-ის ცნობით, სოზარ სუბარს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, რაზეც სუბარმა უპასუხა, რომ ეს ჟურნალისტების მიერ დასახელებული გვარებია, ხოლო თუ ვინ მოინახულებს, ეს მალე გახდება ცნობილი.

ამასთანავე, სუბარმა თქვა, რომ სააკაშვილის წამების შესახებ საუბარი „ანეკდოტების თემაში გადავიდა“.

მისი მტკიცებით, სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მის წინააღმდეგ წამებასთან მიახლოებულ ქმედებას არ მიმართავენ, ხოლო თუ ის თვითდაზიანებას მიმართავს, ამას სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულება მიაქცევს ყურადღებას.

„ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება და სააკაშვილი, თურმე, მათ შორისაა, ვინც ვერ ეგუება, როცა სააკაშვილი ვერ ეგუება ამას, ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე, ვიდრე ციხეში მოხვდება და არ ჩაიდინოს დანაშაული. ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა სუბარმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ არ ექნება ადგილი სუიციდალურ ქცევას, თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ციხეში სუიციდის მართვის წარმატებული პროგრამა აქვს.

„მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა ერთი რამ შემიძლია, გითხრათ – ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ სიუციდის პროგრამის მართვა ციხეებში და საქრთველოში დღეს მსოფლიოში ყოველ 10 000 პატიმარზე აღებული ყველაზე ნაკლები სუიციდია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც სუიციდით 5-6 კაცი არ იყოს 10 000 პატიმარზე აღებული, საქართველოში ეს არასდროს აღემატება 1, მაქსიმუმ, 2 ადამიანს და ბევრჯერ არც ერთი არაა წლის განმავლობაში“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის ვრცელ კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.