საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყოფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანი, მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საჭიროების მიხედვით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იქნება ჰოსპიტალიზებული.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, ეს სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმას ნიშნავს.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს.
ექიმების კონსილიუმმა მისი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 ოქტომბერს გადაწყვიტა, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას დასთანხმდება, თუმცა საჭმელს არც ერთი ფორმით არ მიიღებს.