სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილი.

დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა, მიხეილ სააკაშვილისთვის ნება დაერთოთ, სხდომაზე ადვოკატების გვერდით დამჯდარიყო. მოსამართლის თქმით, ეს მისი კი არა პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაა.

მოსამართლის ამ რეპლიკაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეჩვეულია ხალხთან შუშიდან ლაპარაკს და სასამართლოშიც მისი მონები არიან, რის გამოც მოსამართლემ სააკაშვილს გაფრთხილება მისცა.

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს 15-წუთიანი სიტყვით გამოსვლის ნება დართო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მისი სიტყვა საქმის გარშემო უნდა ყოფილიყო. ამ წუთებში სააკაშვილი სიტყვის უფლებით სარგებლობს, თუმცა მისი მიმართვა სამართლებრივ საქმეს არ ეხება.

მხარეების ცნობით, დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეებს გამოკითხავენ.

სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, აქტივისტებისა და სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.