სააკაშვილის პროცესზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შსს-მ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკვე ცნობილია, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს აქტივისტები კახა კვეკვესკირი და ხათუნა ბერიძე. მათ უწყება დღეს მიიღეს, თუმცა განაცხადეს, რომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ.

14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების განმხილველ სხდომაზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა პროცესის ერთი თვით გადადება მოითხოვა, რამაც სააკაშვილის მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია.

პროცესის დასრულების შემდეგ მათ პენიტენციურის წარმომადგენელს „მონა“ და „მკვლელი“ უწოდეს და მის მანქანასთან შეიკრიბნენ და ხელები აბრახუნეს და თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მისცეს.