სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების გასაჯაროების საკითხი მსჯელობის საგანია - პენიტენციურის ხელმძღვანელი

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იღებს საკვებს. ნიკა ცხვარიაშვილის კომენტარს პენიტენციურის პრესსამსახური ავრცელებს.

„გიდასტურებთ, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა,  გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის,  თხევადი და არათხევადი სახით; ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური  წვენების. ეს პერიოდი,  მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე.  ის იღებს ყველა იმ  საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის“,  – განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი უწყების  მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხზე კი განაცხადა, რომ ეს საკითხი მსჯელობის საგანია.

„რაც შეეხება  კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს”, – აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილმაც გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან. 

„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამედიცინო პერსონალის, მათ შორის მოწვეული ექიმი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.

…როგორც მოგახსენეთ, ეს არის კვებითი დანამატები, აუცილებელი კვებითი დანამატები, მათ შორის, მისი მიღება ხდება სითხის სახით“, – განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.

მისი განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს ექიმთა კონსილიუმი და ამ ეტაპზე მისი სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას.


გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს.