„შეწყვიტეთ მკვლელობა“, „სიჩუმე მკვლელობაა“, – მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არაფრის უფლება აღარ გვაქვს. უნდა ვისხდეთ და ვუყუროთ, როგორ მოკლავენ ისინი ადამიანებს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ თვითმკვლელობის უფლება და პერიოდულად ბატონი ბიძინას ქების უფლება, მეტი უფლება არავის აღარ აქვს ამ ქვეყანაში. თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ასეთი დაუცველი, თუ მის მიმართ ირღვევა ამდენი რამ, რომელზეც მიმართულია ყველას ყურადღება, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია რიგითი ადამიანი, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს სამართლიან სასამართლოს, წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვართ ყველა დანარჩენი? მიხეილ სააკაშვილი კი არ იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და კლინიკაში გადაყვანას, ჩვენ ვიმსახურებთ ქართული საზოგადოება, რომ ჩვენ არ გავხდეთ მკვლელობისა და ლინჩის წესით გასამართლების თანამონაწილე“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში „ტვ კავკასიის“ დირექტორმა, აქციის მონაწილემ, ნინო ჯანგირაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს. დღეს მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილის ანალიზის პასუხები შემაშფოთებელია. გუშინ, 4 ნოემბერს პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო.